სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მედიაში გავრცელებული ფოტო-ვიდეო კადრების მიხედვით შენობიდან კვამლი ამოდის და სახურავზე ცეცხლის ალი ჩანს. აღსანიშნავია, რომ კვამლი ქალაქ კეიპტაუნში რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც ჩანს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა. ამ დროისთვის ათობით მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ცეცხლი შენობის მე-3 სართულზე გაჩნდა და მალევე ეროვნული ასამბლეის შენობაშიც გავრცელდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
მეხანძრეები ამბობენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად შესაძლოა კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდეთ, რადგან მის ჩაქრობას შენობაში არსებული ხის კონსტრუქციები და სხვა მარტივად აალებადი ნივთები უშლის.
აღსანიშნავია, რომ ხანძარი პარლამენტში არქიეპოსკოპოს დეზმონდ ტუტუს დაკრძალვიდან რამდენიმე საათში გაჩნდა. ტუტუს დაკრძალვის ცერემონია პარლამენტთან ახლოს მდებარე ეკლესიაში გაიმართა.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ხანძრის დაწყებისას სახანძრო სისტემა არ ამუშავდა. შენობის სახურავის ნაწილი უკვე ჩამოიშალა, კედლებს გაუჩნდა ბზარები.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პარლამენტის შენობა სამი ნაწილისგან შედგება. მათგან უძველესი 1884 წელს არის აგებული, დანარჩენი ორი კი 1920-იან და 1980-იან წლებში.